25 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
"მოღალატეობრივი ძალა, რომლის გასამართლების გარეშეც პოლარიზაცია არ დასრულდება და ქვეყანა წინ ვერ წავა" - "ხალხის ძალა" ენმ-ის გასამართლებას ითხოვს

"ხალხის ძალა" "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს. წინა ხელისუფლების შეცდომებზე, საზოგადოებრივმა მოძრაობამ, დღეს, სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. ევროსაბჭოს რეზოლუციას, ხელოვნურად შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულებს საოკუპაციო ხაზთან და მხოლოდ ლობისტების ინტერესების გათვალისწინებას - დეპუტატები "ნაცმოძრაობის" მთავარ დანაშაულად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია, ამ ოპოზიციური ძალის სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, ვერ დასრულდება.

საზოგადოებრივი მოძრაობის მტკიცებით, იმდროინდელი ხელისუფლების გონივრული ქმედების შემთხვევაში, ქვეყანას რუსეთთან ომისა და ოკუპაციის არიდება შეეძლო. კანონმდებლების აზრით, "ნაცმოძრაობა" ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დღესაც მოქმედებს, რისი მაგალითიც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, გენშტაბის ყოფილი უფროსის დანიშვნაცაა. ზაზა გოგავას პერსონა, "ხალხის ძალისთვის", აგვისტოს ომის მიზანმიმართული შეცდომების სიმბოლოა. მოძრაობა, ოპოზიციურ პარტიას, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან და იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის გამოც აკრიტიკებს, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას", სწორედ ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ.

ბრალდებებს, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის პარტნიორ პარტიებში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში, დღეს, ამტკიცებდნენ, რომ 2008 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ, ქვეყნის დასაცავად ყველაფერი გააკეთა.

"ხალხის ძალის" მოთხოვნას, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ. მათი ნაწილისთვის, მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.

რუსეთთან ომის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე, მმართველ პარტიაში საუბრობენ. სახელისუფლებო გუნდში, დღეს, არც ის გამორიცხეს, რომ მაშინდელმა მთავრობამ, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, მიზანმიმართულად იმოქმედა.

"ხალხის ძალამ" განცხადება ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი პასუხისგების შესახებ დღეს გაავრცელა. მოძრაობა პროცესის დაწყებას 2024 წლის არჩევნების შემდეგ აანონსებს.

დღის ამბები