თბილისში, 42 წლის მამაკაცი მოკლეს. წულუკიძის ქუჩაზე, 7-ჯერ გასროლის ხმა ადგილობრივებმა ღამის 2 საათისთვის გაიგეს. გარეთ გამოსულებს ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილთან გარდაცვლილი დახვდათ.
შემთხვევის ადგილს სისხლის კვალი ახლაც ეტყობა. თვითმხილველები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ გასროლამდე რამდენიმემ წუთით ადრე ჩხუბის ხმა გაიგეს, თუმცა დაპირისპირების მიზეზს კი ვერ აკონკრეტებენ.
მოკლული ლაშა გუჯეჯიანია, ის თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო მოსამსახურე იყო. 43 წლის გუჯეჯიანი სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ძლიერი სისხლდენის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის ოფიციალურ მოტივად, შელაპარაკება სახელდება. "კურიერის" ინფორმაციით, მიზეზი ყოფითი საკითხი გახდა. ირკვევა, რომ მეგობრებს შორის კონფლიქტი თავდაპირველად სატელეფონო საუბრით დაიწყო, შემდეგ კი შეხვედრა საქმის გასარჩევად წულუკიძის ქუჩაზე, გუჯეჯიანის სახლთან დაიგეგმა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის 39 წლის მამაკაცია, რომელსაც შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და 112-შიც თავად დარეკა. დაკავებული ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
მკვლელობის ადგილზე, სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოიკითხნენ მოწმეები, მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებებიც, მათ შორის, პოლიციამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც. გამოძიება, შინაგანს საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.