ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობაზე, თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო. აქვე აღნიშნავს რომ ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
"თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,"- აღნიშნულია განცხადებაში.
"კურიერის" ინფორმაციით, ლაშა გუჯეჯიანს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ადგილზე მოკლა. მოტივად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება სახელდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაიწყო.