ახალი წლის მოახლოება საქართველოს მასშტაბით უფრო მეტ რეგიონში იგრძნობა. საახალწლო დღეების მასპინძელი ამჯერად 3 მუნიციპალიტეტია. ტყიბულში, ქარელსა და წალენჯიხაში, დილიდან, არაერთი აქტივობა იმართება.
საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე და თოვლის ბაბუას კუთხე - ტყიბულის საახალწლო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. ადგილობრივ მეწარმეებს, დილიდან, საკუთარი პროდუქცია აქვთ გამოტანილი.
დღის ბოლოს, ტყიბულში, საახალწლო ღონისძიება ნაძვის ხის ანთებითა და ქართველი შემსრულებლების კონცერტით დაგვირგვინდა.
დილიდან საახალწლო განწყობაა წალენჯიხაშიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია კვების სივრცე, საბავშვო კუთხე და საშობაო ბაზრობა. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო კი ზღაპრის გმირების თანხლებით მოძრავი ორკესტრი აღმოჩნდა. საღამოს წალენჯიხის მოსახლეობისთვის კონცერტი მოეწყო.
სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ახალი წლის დღეები ქარელშიც იზეიმეს. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში სტუმრებს ანიმატორები და ზღაპრის გმირებიც შეხვდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა მეწარმეებმაც მიიღეს. ქართველი შემსრულებლებმა ქარელის მუნიციპალიტეტშიც შეასრულეს ყველასთვის საყვარელი ჰიტები.
ახალი წლის დღეები, საქართველოს მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტში ტარდება. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით იმართება და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.