სიღნაღი,თიანეთი, ხონი, ახალქალაქი - ეს 4 მუნიციპალიტეტი დღეს ყველაზე მასშტაბურ საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს. ახალი წლის დღეები საქართველოში, უკვე მესამე დღეა, სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.
საახალწლო ღონისძიებას თიანეთი დილიდან მასპინძლობს. საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საახალწლო ინსტალაციები და ზღაპრის გმირები, - ვაჟა-ფშაველას სახელობის პარკში მისულ სტუმრებს ყველა ასაკზე გათვლილი მრავალფეროვანი აქტივობები დახვდათ. დღის ბოლოს, თიანეთის ცენტრალური პარკში, მოსახლეობისთვის ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი მოეწყო.
საახალწლო ღონისძიებების მასპინძელია სიღნაღიც. საშობაო ბაზრობის დათვალიერებისა და საბავშვო გასართობ აქტივობებთან ერთად, მოსული სტუმრებისთვის დღის ბოლოს ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ახალი წლის მოახლოება იგრძნობა ხონშიც. ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საახალწლო ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები. მოწყობილ კუთხეებს შორის კი დიდი პოპულარობით თოვლის ბაბუა სარგებლობს.
დღის ბოლოს, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, საზეიმო ვითარებაში, ფეიერვერკების ფონზე ხონის საახალწლო ნაძვის ხეც აინთო.
ახალი წლის დღეები ახალქალაქშიც აღინიშნა. ღონისძიება დილიდან ადგილობრივი ანსამბლების გამოსვლებით გაიხსნა. მოეწყო ორკესტრის მსვლელობა, სანტას სახელოსნოში კი პატარებმა საახალწლო სათამაშოებიც მოამზადეს. დასკვნით ნაწილში საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
ხაშური, ცაგერი, ახალციხე, ჭიათურა - ახალი წლის მოახლოება სხვა ქალაქებშიც იგრძნობა. ნაძვის ხე ყველგან საზეიმოდ აინთო.
ახალი წლის დღეები საქართველოში 23 დეკემბერს დაიწყო და, 13 იანვრის ჩათვლით, 63 მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.