როგორი ხარისხის უნიფორმას ატარებს ქართული არმია - 50-მდე სახეობის სხვადასხვა სეზონის ფორმა და სპეციალური ფეხსაცმელი, რომლის ნაწილი გერმანიიდან არის ექსპორტირებული. თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ ქართველ სამხედროებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებლის სამხედრო ფეხსაცმელი აქვთ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელთაც ნატო მოითხოვს.
უცხოეთში ქართველი სამხედროებისთვის ფეხსაცმელი იკერება, საქართველოში კი ექსპორტირებული მაღალი ხარისხის ნაჭრით უნიფორმები. ძალოვანი უწყების დაქვემდებარებაში მყოფი საწარმო "დელტა ტექსტილი", უკვე 3 წელია, ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის, ოთხივე სეზონისთვის განკუთვნილ ფორმებს კერავს. წარმოების დროს გათვალისწინებულია ის პირობებიც, რომლებშიც სამხედროებს ყოველდღიურად ყოფნა უწევთ - უამინდობა, ტალახი, წყალი, თოვლი და ყინვა - "დელტა ტექსტილის" უნიფორმა არმიაში გაგზავნამდე ყველა ამ პირობაში სპეციალურ ტესტირებას გადის.
შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტი ხარისხია და ფორმა, რომელსაც ქართული ჯარი ატარებს, არმიის მზადყოფნას, მობილურობასა და დავალებების ეფექტურად შესრულებას უზრუნველყოფს.
სამხედრო უნიფორმა გათვლილია ეფექტურ რეაგირებაზე საველე სიტუაციებშიც. ეკიპირების გარდა, ქართველ ჯარისკაცებისთვის საქართველოში იკერება ზაფხულისა და ზამთრის სპორტული ფორმაც რომელიც, სამხედრო მოსამსახურეების თქმით, ვარჯიშის დროს მათთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია. ხარისხი, ამ შემთხვევაშიც, განმსაზღვრელია. შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ მარტივია ფორმისა და აღჭურვილობის მორგება მოკლე დროშიც.
შეიარაღებული ძალებისთვის დამზადებულ უნიფორმებთან დაკავშირებით, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. ძალოვანი უწყება ეკიპირების უხარისხობასთან დაკავშირებით ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს ყოფილ თანამშრომელს, რომელიც უწყების განცხადებით კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან კოორდინირებით მოქმედებს. დალი ჭელიძემ, რომელმაც ერთ-ერთი ტელეეთერის მეშვეობით ქართული ჯარისთვის შეკერილ უნიფორმებზე ისაუბრა, დღეს ჟურნალისტებთან ღიად გამოჩენა აღარ ისურვა, თუმცა ოპოზიციურ პარტიასთან კავშირი უარყო.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ "დელტა ტექსტილშიც" - საწარმოში, სადაც ქართველი სამხედროებისთვის უნიფორმები 2020 წლიდან იკერება. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოში ამბობენ, რომ 50-მდე სხვადასხვა სახის ეკიპირების დამზადებამდე, მასალა არაერთ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, უნიფორმა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და სრულად თავსებადია ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან.
უწყების დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ტანსაცმელთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებებს. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ზაფხულისა და ზამთრის საველე და ყოველდღიური ფორმები ნატოს სტანდარტების შესაბამისია და ის მუდმივად მუშავდება. მინისტრი ამბობს, რომ ქართულ ჯარს მაღალი ხარისხის ფორმა აცვია.
სამხედროების ფორმების ხარისხზე 2020 წელს შექმნილი საწარმო "დელტა ტექსტილი" ზრუნავს. კომპანიამ ქართულ ჯარს სხვადასხვა სახის პროდუქციით - საბრძოლო ეკიპირებით, მაისურებით, საწვიმარი ლაბადებით, საქარე ქურთუკებით და აუცილებელი ატრიბუტიკით ამარაგებს.