25 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
35-ზე მეტი დაკავებული და ათამდე დაშავებული, მათ შორის ორი პოლიციელია - სერბეთში ოპოზიციის აქცია სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს

სერბეთში, ანტისამთავრობო გამოსვლები ძალადობრივ დაპირისპირებასა და დაკავებებში გადაიზარდა. ვითარება ბელგრადში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერიასთან შეკრებილმა მომიტინგეთა ნაწილმა ფანჯრები ჩაამსხვრია და შენობაში ძალით შესვლა სცადა. ათასობით მოქალაქე, გასულ კვირას გამართული არჩევნების შედეგების გაუქმებასა და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას მოითხოვდა.

სერბეთის დედაქალაქში, დემონსტრანტების დასაშლელად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულები, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.

მთავრობას აკრიტიკებს ოპოზიციაც, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩატარდა.

ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს ქვეყნის პრეზიდენტი და ოპოზიციას დესტაბილიზაციის შექმნაში ადანაშაულებს. პრეზიდენტი ვუჩიჩი მზად არის, ბელგრადში ახალი არჩევნები ჩაატაროს, თუ ვერცერთი პარტია მმართველ კოალიციას ვერ ჩამოაყალიბებს.
 
სერბეთში საპროტესტო აქციები უკვე ერთი კვირაა გრძელდება. საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ ვუჩიჩის "სერბეთის პროგრესულმა პარტიამ" გაიმარჯვა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 46,72%-მა დაუჭირა. მეორე ადგილზეა მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციის ალიანსი "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ", ხმათა 23,56%-ით, ხოლო მესამეზე - სერბეთის სოციალისტური პარტია, ხმათა 6,56%-ით.

დღის ამბები