25 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი გამოძიებით, კიდევ ერთი თაღლითური საერთაშორისო ქსელი გამოვლინდა, რომელიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგების ხარჯზე მდიდრდებოდა

აღმოჩენილია მორიგი ქოლცენტრი. საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი გამოძიებით, კიდევ ერთი თაღლითური საერთაშორისო ქსელი გამოვლინდა, რომელიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგების ხარჯზე მდიდრდებოდა. საუბარია ათობით მილიონ ევროზე.

საქართველოში დაყადაღებულია მრავალ მილიონიანი უძრავი ქონება, რომელიც თაღლითების საერთაშორისო დაჯგუფებამ ფულის გასათეთრებლად შეიძინა, თუმცა არცერთი ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე არ არის.

სავარაუდოდ, ფიქტიური შპს "არაისი" დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისთვის შეიქმნა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ კომპანია ახლა ლიკვიდაციის პროცესშია, თუმცა მანამდე მის ანგარიშზე მილიონობით ევროს ტრანზაქცია განხორციელდა. პირი, რომელსაც ბინა ეკუთვნის "კურიერთან" არ საუბრობს, თუ რა კავშირი აქვს ქოლცენტრების საქმესთან მის სახლში რეგისტრირებულ შპს-ს.

ევროჯასთის მხარდაჭერით, ქართველი და გერმანელი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხ პირზე, რომელთაგან ორი შპს "აირესის" მფლობელები, ისრაელის მოქალაქეები ნადავ გოვერი და იური დაშევსკი არიან. ბრალი წარედგინათ, ასევე, იააკოვ გოვერს და ანა სოკოლოვას.

ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემაზე დღეს განცხადება გაკეთდა საქართველოს პროკურატურაშიც. საგამოძიებო ორგანოში განმარტეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სატელეფონო ზარის მეშვეობით, მოქალაქეებს არარსებულ სავაჭრო პლატფორმებზე ინვესტიციების დაბანდებას სთავაზობდნენ, სამიზნე ობიექტების დარწმუნების შემდეგ კი, დიდი ოდენობით თანხები მათ საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. საუბარია ათობით მილიონ ევროზე, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა გზით ათეთრებდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულ-გერმანული, ერთობლივი გამოძიების შედეგად ქოლცენტრების თაღლითური სქემა გაიშიფრა. საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ, სპეცოპერაციების სერია ჩატარდა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის თბილისში.

თბილისში, აქსის თაუერსში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გერმანელ და ქართველ სამართალდამცველებს თან ახლდა "ბიბისის" გადამღები ჯგუფიც. ავტორიტეტული ბრიტანული მედია მთელი ევროპის მასშტაბით მოქალაქეების ძარცვის სქემას დეტალურად აშუქებდა. მილიარდიანი თაღლითობა - ამ სახელწოდებით "ბიბისიმ" საგამოძიებო ფილმიც მოამზადა, რომლის ცენტრალურ ფიგურად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დასახელდა.

დღის ამბები