ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურმა დამთვალიერებლებს კვლავ უმასპინძლა. გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კუთვნილ საგამოფენო სივრცეში, შოთა რუსთაველის N3-ში გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო და სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განახლებულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქართული ჭედური ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები IX საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით. მათი უდიდესი ნაწილი კუთვნილ ადგილს იკავებს მსოფლიოს კულტურულ საგანძურში.
მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის, ხატწერის იშვიათი ნიმუშები, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები. დამთვალიერებელი იხილავს ანჩის მაცხოვრისა და ხახულის ღვთისმშობლის კარედ ხატებს, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარს, წილკნის ღვთისმშობლის ხატს, ბედიის ბარძიმსა და სხვა ბრწყინვალე ნიმუშებს.
გამოფენა ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 46-ე წლისთავს.
"შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი განძთსაცავია, მისი რეაბილიტაცია კი - ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ათეული წლები ელოდა ჩვენი საზოგადოება. მუზეუმში დაცულია ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშები - შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხეზე კვეთის ნიმუშები, XVIII-XIX საუკუნეების ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების, რუსული, თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კოლექციები, არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზების უმდიდრესი კოლექცია, ფოტო- და ნეგატივების ფონდი.
2021 წლიდან დაიწყო მზადება შენობის სრული გამაგრებითი და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაწყებად. აუცილებელი გახდა, რომ შენობა დაცლილიყო და ფონდები, მათ შორის - საგანძური, დროებით ალტერნატიულ, უსაფრთხო სივრცეში შენახულიყო. საგანძურის შესანახად, შეირჩა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ყოფილი სივრცე, რომელიც გადაეცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს და მომავალშიც მის სარგებლობაში დარჩება. ამ სივრცეში დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები.
კულტურის სამინისტროს მიზანია მუზეუმის ინფრასტრუქტურის სრული განახლება, რაც ხელს შეუწყობს უნიკალური კოლექციების საერთაშორისო სტანდარტებით დაცვას, როგორც ფონდსაცავებში, ისე - საექსპოზიციო დარბაზებში", - აცხადებენ უწყებაში.