25 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები - სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლებას უკვე თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტირებულ, უსაფრთხო სკოლის შენობაში იღებენ. სკოლა ამ დროისთვის ადაპტირებულია, განახლდა გარე ფასადები, საკლასო ოთახები და გაყვანილობა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მათი დიდი ხნის სურვილი უკვე რეალობაა.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, 880-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლო წლებში აშენდა და განახლდა 450-მდე შენობა. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ 2027 წლის ბოლოს, ყველა საჯარო სკოლა ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით, ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

სკოლების გარდა ქვეყნის მასშტაბით შენდება და რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღებს. ამ დროისთვის საქართველოში 1690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ათასობით ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ ბაღის ახალ შენობაში არ სწავლობს, საგანმანათლებლო პროცესს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობებში უახლოეს მომავალში გააგრძელებს. მათ შორის იქნებიან ჭითაწყაროს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც.

ახალი პროექტის მიხედვით, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მომავალი წლიდან მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე 250-მდე ბაღის აშენება და განახლებაა დაგეგმილი.

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. ირაკლი ღარიბაშვილმა საკითხზე წლიური ანგარიშის წარდგენის დროს დეტალურად ისაუბრა.

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი 2024 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

დღის ამბები