25 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
დაშვებული დროშები, პრაღის უნივერსიტეტთან მიტანილი სანთლები და ყვავილები - ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღეა

დაშვებული დროშები, პრაღის უნივერსიტეტთან მიტანილი სანთლები და ყვავილები - ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღეა. ტრაგედიის ადგილზე ხალხის ნაკადი არ წყდება, მოქალაქეები ტრაგიკულად დაღუპულებს ემშვიდობებიან. 21 დეკმებრის, კარლის უნივერსიტეტის ერთი ჩვეულებრივი სასწავლო დღე, 24 წლის თავდამსხმელმა ტრაგედიად აქცია. 14 მოკლული, 25 დაჭრილი და თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე, რომლის უკანაც დავიდ კოზაკი დგას.

პოლიციელის მიერ გადაღებულ კადრებში, რომელიც დღეს გავრცელდა, გარკვევით ჩანს დავიდ კოზაკის მოქმედების ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი. ამ მომენტში ის უკვე ალყაში იყო მოქცეული და აივნიდან გასაქცევი არსად ქონდა. ორმხრივი სროლის დროს, ვიდრე პოლიცია გაანეიტრალებდა, თავის მოკვლა გადაწყვიტა.

პოლიციის განმარტებით, კოზაკს 12 სხვადასხვა დასახელების იარაღი აღმოუჩინეს. მისი პირველი გასროლიდან თვითმკვლელობამდე ზუსტად 21 წუთიანი შუალედი იყო. ამ დროში 24 წლის სტუდენტმა 14 ადამიანის მოკვლა და 27-ის დაჭრა მოასწრო, რომელთაგან 12-ის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. თვითმხილველები მედიასთან დღესაც იხსენებდნენ თავდასხმის მომენტს და აღნიშნავდნენ, რომ საფრთხე ტერიტორიაზე მყოფ ყველა ადამიანს ემუქრებოდა.

დღეს ჩეხეთში გლოვის დღეა. ორი დღის წინ მიღებული შოკის შემდეგ მოქალაქეებს ემოციების შეკავება უჭირთ. პრაღის საკათედრო ტაძარში დაღუპულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა. იყო წუთიერი დუმილი და ზარების რეკვა ქალაქის ტაძრებში.

საზოგადოებას გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა სენატის სპიკერმა.

რა იყო მასობრივი მკვლელობის მოტივი, როგორ მოახერხა თავდამსხმელმა უნივერსიტეტის შენობაში იარაღის მთელი არსენალის შეტანა და რამდენად მისაღებია იარაღის ფლობის შესახებ არსებული კანონმდებლობა - მომხდარის შემდეგ ჩეხეთში ბევრი საკითხის გადააზრებასა და ცვლილებების საჭიროებაზე საზოგადოება უკვე მსჯელობს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მინიმუმ 1 იანვრამდე პრაღაში უსაფრთხოების მაღალი ზომები შენარჩუნდება. მომავალი წლიდან კი უსაფრთხოების საკითხების განხილვა ახალ ეტაპზე გადავა. ჯერჯერობით ქვეყანაში გრძელდება გლოვა. უნივერსიტეტის შენობასთან, სადაც დაღუპულებს მიაგებენ პატივს, ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება.

გრძელდება გამოძიებაც, რომლის ფარგლებში უკვე დადასტურებულია, რომ დავიდ კოზაკმა უნივერსიტეტზე თავდასხმამდე საკუთარი მამა მოკლა. გარდა ამისა, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 15 დეკემბერს პრაღასთან ახლოს კლანოვიცეს ტყეში ახალგაზრდა კაცი და მისი ორი თვის შვილი სწორედ დავიდ კოზაკის ერთ-ერთი იარაღით იყვნენ მოკლული.

დღის ამბები