25 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციონერები კოლეგები "სუპერ პაკში" ვეღარ დაინახა - რატომ შეცვალა რიტორიკა პატიმარმა და ვინ გაიგო "ვივამედიდან" გაცემული დავალება არასწორად

ორ დღიანი ფიქრის შემდეგ, ოპოზიციის მისამართით გაგზავნილი საჯარო შეთავაზება, იდეის ავტორმა თავად გააუქმა - "სუპერ პაკის" შექმნის ინიციატორმა, სასამართლო პროცესზე ნათქვამი, ამჯერად წერილობით უარყო და "ვივამედიდან" გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი არა ოპოზიციამ, არამედ მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა შექმნას. სააკაშვილის იდეამ დაბნეულობა გამოიწვია მისსავე პარტიაშიც, თუმცა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტმა პოზიცია კი არ შეცვალა, მას უბრალოდ საზოგადოებამ ვერ გაუგო.

ექსპრეზიდენტის მხრიდან პოზიციების ცვლილება არ უკვირთ მმართველ პარტიაში, სადაც სააკაშვილის ინიციატივებს არასერიოზულად მიიჩნევენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის რიტორიკის ცვლილების მიზეზი, ოპოზიციის დამოკიდებულება და საჯარო შეთავაზებაზე მიღებული უარია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილის მხრიდან ოპოზიციაზე კონტროლის დამყარების მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

სააკაშვილთან თანამშრომლობას ისევ არ განიხილავს ოპოზიცია, სადაც ექსპრეზიდენტის მხრიდან პოზიციის ცვლილებას კომიკურს უწოდებენ. საჯარო შეთავაზების გაუქმების მიზეზებზე განმარტებას ოპონენტების ნაწილი თავად სააკაშვილისგან ელოდება, ნაწილი კი "ვივამედის" პაციენტის იდეებს მის პარტიულ ინტერესებს უკავშირებს.

პოზიციას არ ცვლის გახარიას გუნდი, რომელიც ექსპრეზიდენტისთვის საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლების შეზღუდვას და მსჯავრდებული სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს.

ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს მმართველი გუნდი, ვერც "ნაციონალური მოძრაობის" წარმატებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის და მისი დაშლილი პარტიის ყველა იდეა წარუმატებელი იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა "სუპერ პაკის" შექმნის იდეა 20 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ჩართვისას გააჟღერა. 22 დეკემბერს კი ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი პაკის შექმნა წერილობით ურჩია.

დღის ამბები