”ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს. საზოგადოებრივ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ არეულობა და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება ოპოზიციის დღის წესრიგად რჩება. საზოგადოებაზე მანიპულაციას კი ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის თემით შეეცდებიან. გურამ მაჭარაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე პარტიები 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციას დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ამის შემდეგ კი ე.წ გლობალური ომის პარტიის დახმარებით საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნაზე ჯერ ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა გაიცემა, საპროტესტო მუხტის შენარჩუნების შემთხვევაში კი უარს ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ. მაჭარაშვილის განცხადებით, პროცესების განვითარება ხალხის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.
”ხალხის ძალის” წერილის ადრესატები ადასტურებენ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის ერთ-ერთი გზა მომავალი წლის არჩევნებზე გადის. ”ნაციონალურ მოძრაობაში” და მის პარტნიორ პარტიებში წინასწარ არიან განწყობილი, რომ თუ მათთვის მისაღები ცვლილებები არ იქნება გატარებული 2024 წლის არჩევნებს ნდობა არ ექნება.
განწირული - ასე უყურებენ მმართველ ძალაში ოპონენტების მომავალს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერის თქმით, როგორც არჩევნებში გამარჯვების ასევე საპროტესტო მუხტის აწევის მხრივ ოპოზიციის შანსები მინიმალურია.
ევროინტეგრაციის პროცესს რომ არაერთი დაბრკოლება ახლდა თან, ამაზე ღიად საუბრობენ ოპოზიციაში და არ მალავენ, რომ ხელოვნური ბარიერების შექმნაში მათივე კოლეგები მონაწილეობდნენ. შესაბამისად ”ხალხის ძალის” წერილის შინაარსი საკუთარ თავზე არ მიუღიათ.
ოპონენტებს მმართველი პარტია ურჩევს უარი თქვან საზოგადოებაში არასწორი მოლოდინების შექმნაზე.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ახლა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.