25 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
გრიგორიადისის ადვოკატები ორბელიანის სასახლეში - შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებასა და მანქანის დაწვაში ბრალდებულს

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატების საიდუმლო ვიზიტი ორბელიანების სასახლეში - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სამართალდამცველების მანქანის დაწვისთვის ბრალდებულის დამცველები ამბობენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ სასამართლო გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. პრეზიდენტთან აუდიენციის სხვა დეტალებზე საუბრისგან ადვოკატები თავს იკავებენ, რაც მმართველ ძალას სერიოზულ ეჭვს უჩენს, რომ ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისთვის ემზადება.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტს ურჩევს, სანამ შეწყალების აქტს ხელს მოაწერს, კიდევ ერთხელ გაეცნოს გრიგორიადისის საბრალდებო დასკვნის იმ ეპიზოდს, სადაც ნათლად არის აღწერილი, თუ როგორ ესროლა ბრალდებულმა "მოლოტოვის კოქტეილი" პოლიციელს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, ამის პროგნოზირება უჭირთ ოპოზიციაში, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან დღეს ისმოდა მოსაზრებაც, რომ თუ შეიწყალებს გრიგორიადისს, შეიწყალოს სხვა პატიმრებიც.

ბრალდებულის ადვოკატებმა შეხვედრა დაადასტურეს, თუმცა, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აღარ დაუკონკრეტებიათ. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები ორბელიანის სასახლეში გუშინ, სასამართლო სხდომის შემდეგ მივიდნენ. დღეს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, რომ განსახილველი საკითხი სწორედ ბრალდებული გრიგორიადისი იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატების ვიზიტმა საპარლამენტო უმრავლესობას გაუჩინა ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილი ბრალდებულის შეწყალებისთვის ემზადება. პარლამენტის წევრების ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტი დისკრეციულ შეწყალების უფლებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს, თუმცა უმრავლესობის თქმით მისგან მოულოდნელი უკვე აღარაფერია

რა გადწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი - პროგნოზების გაკეთება უჭირთ ოპოზიციაში, სადაც ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე აზრები ორად იყოფა. ნაწილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ გრიგორიადისი შეიწყალოს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი მსგავსი აქტი სხვა პატიმრების მიმართაც უნდა გამოსცეს.

თუკი ზურაბიშვილი გრიგორიადისს შეიწყალებს, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამით დადასტურდება, რომ ის ნამდვილად ოპოზიციასთან შეთანხმებით მუშაობს. ”ქართულმა ოცნებამ” დღეს ისიც თქვა, რომ ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა, რასაც გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს ედავება საკმაოდ მძიმე დანაშაულია და დამტკიცების შემთხვევაში, ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - დარჩენილია მხოლოდ დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. გრიგორიადისს გამოძიება სხვისი ნივთის განადგურებასა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავება. საუბარია 7-8 მარტის აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გრიგორიადისს 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები