ტურიზმის სფეროს წამყვანი კომპანიები და სექტორში მომუშავე ორგანიზაციები, ბალდის კანიონის პროექტის პრეზენტაციას გაეცნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის როლზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების, ასევე მთელი რაიონისა და ქვეყნის განვითარების კუთხით.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „კანიონი 350-ის“ დამფუძნებელმა, გოგა მერკვილაძემ.
„ტურისტულმა სექტორმა ნათლად დაინახა ის სარგებელი, რომელიც ამ პროექტს მოაქვს. ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა გოგა მერკვილაძემ.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ პრეზენტაციაზე სახელმწიფოს ხედვის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, ბალდის კანიონი საერთო ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იქნება.
„ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, ვიზიტორების ნაკადის ნაწილმა მარტვილიდან სვლა ბალდისკენ გააგრძელოს. მომავალ წლებში სამეგრელოს რეგიონში არსებული სხვა ძეგლების განვითარებაც იგეგმება,“ - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
ტურიზმის განვითარებაში ბალდის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მედეა ჯანიაშვილმა.
„კერძო ინვესტორის შემოყვანა იდეალური მიდგომაა. ეს იმის გარანტიაა, რომ სერვისი ხარისხიანი იქნება. კერძო ინვესტორი ყოველთვის ორიენტირებულია, ხარისხიანი სერვისის შეთავაზებით, მეტი მომხმარებელი გაიჩინოს“, - განმარტა მედეა ჯანიაშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბალდის კანიონის პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე გააკეთა აქცენტი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა, ზაზა გაგუამ.
„მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ჩანჩქერის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იგივე სიკეთეები იქნება ბალდასა და მიმდებარე სოფლებში. თუ 10 წლის წინ მარტვილში ორიოდე სასტუმრო იყო, დღეს 60-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საოჯახო სასტუმრო, 10-ზე მეტი რესტორანი და 5-ზე მეტი საოჯახო მარანია“, - განაცხადა ზაზა გაგუამ.
უწყების ინფორმაციით, პროექტი დადებითად შეაფასეს ტურისტული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სათავგადასავლო და ეკოტურისტული მიმართულებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, მსგავსი პროექტები კი, ამ პოტენციალის გამოყენებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ბალდის კანიონის განვითარება მეტ სტიმულს მისცემს ადგილობრივებს თავად შესთავაზონ ტურისტებს სხვადასხვა მომსახურება, დასაქმდნენ ადგილზე და მიიღონ შემოსავალი.
„აღსანიშნავია, რომ ბალდის კანიონი 2013 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მიმდინარე პროექტი სწორედ სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანიამ „კანიონი 350“ გაიმარჯვა, რომელსაც ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე - 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე 40-წლიანი იჯარით კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიამ აიღო ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოაწყოს 400 მეტრის სიგრძის ვიწრო საფეხმავლო ბილიკი, ასევე 370 მეტრზე მოეწყობა როლერის ატრაქცია, რომლის მეშვეობითაც, დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო, ადამიანი იქ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. ეს იქნება პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში. შესაბამისად, ბალდის კანიონი პირველად გახდება სრულად ხელმისაწვდომი და ვიზიტორებიც პირველად მიიღებენ როლერით დათვალიერების დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში, სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინკლუზიურობა კარგი მაგალითი უნდა გახდეს სხვა მსგავსი პროექტებისთვისაც.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის სექტორული შეხვედრები ბალდის კანიონის პროექტთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.