25 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
მრავალშვილიან, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ათას ოჯახს, მომავალი წლიდან, სახელმწიფო საცხოვრებლით უზრუნველყოფს - სახელმწიფო განაგრძობს დევნილების განსახლების პროგრამასაც

მრავალშვილიან, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს, მომავალი წლიდან, სახელმწიფო საცხოვრებლით უზრუნველყოფს - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ პირველად ნინო შუბლაძის "ღამის კურიერში" გააკეთა. ინიციატივის თანახმად, რომელიც მთავრობის მეთაურს ეკუთვნის, საუბარია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებზე, რომელთა სახლებით უზრუნველყოფისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამ კატეგორიის მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო განაგრძობს დევნილების განსახლების პროგრამასაც, რისთვისაც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაათმაგდა და 267 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლამდე, ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები, დამატებით, 13 000 ოჯახს უნდა გადაეცეს.

მიმდინარე წელს სახელმწიფომ ახალი სახლი 2000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადასცა. ახლად აშენებულ კორპუსებში ბინა 550-მა ოჯახმა მიიღო, ნაწილი კი პროგრამის "სოფლად სახლი" ფარგლებში განსახლდა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოში სამომავლო გეგმებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ, 2012 წლის შემდეგ, ბიუჯეტი თითქმის გაათმაგებულია და 267 მილიონ ლარს შეადგენს. 2025 წლამდე საცხოვრებელი ფართის გარეშე არცერთი ოჯახი არ დარჩება.

ოფიციალური ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართი, 2013 წლიდან დღემდე, 32 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. ამ დროისთვის, კორპუსების მშენებლობა თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდსა და რუსთავში მიმდინარეობს. მომდევნო წელს, ამ მიმართულებით, 230 მილიონი ლარი დაიხარჯება. დევნილ ოჯახებს, რომელთაც ახალი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სურთ, განცხადების დაწერა 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

დღის ამბები