25 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
მსგავსი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სკოლების დირექტორების არჩევას მოყვა,  დიდი ხანია არ მახსოვს, 800-ზე მეტ სკოლაში შედგა არჩევნები და ერთ პირს ვერ ასახელებენ, ვინც არაკვალიფიციურია, ამიტომ ამ პროტესტმა ფართო მასშტაბი ვერ შეიძინა - გიორგი ამილახვარი

მსგავსი დამაზიანებელი და დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სკოლების დირექტორების არჩევას მოყვა, განათლებაზე დიდი ხანია არ მახსოვს,- ამის შესახებ  გიორგი ამილახვარმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი კონკურსები, ვინაიდან ახლა მუშაობა დახვეწილ მექანიზმებზე მიმდინარეობს.

"მსგავსი დამაზიანებელი და დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სკოლების დირექტორების არჩევას მოყვა, განათლებაზე დიდი ხანია არ მახსოვს. 

როდესაც დავინიშნე, სკოლების დირექტორების კონკურსი უკვე დაწყებული იყო. ბუნებრივია, ვერაფერს ვერ შევცვლიდი, სრული დისტანცირება მოვახდინე ჩემი თავის. კომისიები დაკომპლექტდა ინკლუზიურად, სადაც იყვნენ გარე პირებიც და ბუნებრივია, სამინისტროს წარმომადგენლებიც. კანდიდატების ის რაოდენობა შემოვიდა, რომელიც არ იყო საკმარისი ყველა სკოლისთვის. 1000-ზე მეტ სკოლაში არჩევნები ვერ შედგა, ფიზიკურად კანდიდატები არ არსებობდა. მინისტრს კანონით აქვს დისკრეციის უფლება ნებისმიერ სკოლაში, კომისიის დასკვნის საფუძველზე, დანიშნოს ესა თუ ის დირექტორი. არცერთი დისკრეცია არ გამომიყენებია და ამას ვაკეთებ მიზანმიმართულად, ვინაიდან დავიწყეთ სკოლის ავტონომიაზე ზრუნვა, დამოუკიდებელი უფლებების დელეგირებაზე და მინდა, სასკოლო საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს ვინ იყოს მისი დირექტორი.
 
წარდგენილი კანდიდატების 92%-ში, სკოლის სამეურვეო საბჭოებმა თავად გადაწყვიტეს, ვინ უნდა ყოფილიყო მათი დირექტორი. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისგან და მასწავლებლებისგან. თუ ჩვენ წარვუდგინეთ ისეთი კანდიდატი, რომელიც სკოლისთვის მოსაწონი არ იყო, მაშინ უბრალოდ არ აირჩევდნენ, იყო ასეთი შემთხვევებიც 8%-ში. შემეძლო ბრძანება დამეწერა, ის 8% განმეწესებინა თავის ადგილას, მე ეს მიზანმიმართულად არ გავაკეთე, ვინაიდან როგორც ჩანს, სამეურვეო საბჭოს ეს კანდიდატები არ მოეწონა, ამიტომ არ მინდოდა ჩემი კანონიერი უფლება მომეხვია სკოლისთვის თავს.
 
უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალ კონკურსებს, ვინაიდან ახლა უფრო დახვეწილ მექანიზმებზე მიდის მუშაობა. 800-ზე მეტ სკოლაში შედგა არჩევნები და ერთ პირს ვერ ასახელებენ, ვინც ან არაკომპეტენტურია, ან არაკვალიფიციურია, ამიტომ არის, რომ ამ პროტესტმა ფართო მასშტაბები ვერ შეიძინა, მხოლოდ ჩვენ ოპონენტებთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მანქანები ცდილობენ დააზიანონ [პროცესი],- განაცხადა  გიორგი ამილახვარმა. 
დღის ამბები