გუდაური თოვლისა და სრიალის მოყვარულებს უკვე დღეიდან ოფიციალურად მასპინძლობს. კურორტმა ზამთრის სეზონის გახსნის პირველივე დღეს უამრავი დამსვენებელი მიიღო, მათ შორის მოგზაურებიც.
ზამთრის სეზონს გუდაური სიახლეებით შეხვდა. დამსვენებლებს კურორტზე 1249 და 1369 მეტრის სიგრძის ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დახვდათ.
სიახლეა სათხილამურო ბილიკებთან დაკავშირებითაც. სეზონის გახსნისთვის მზადების პროცესში მოეწყო კიდევ ერთი 6 კილომეტრი სიგრძის სასრიალო გზა. არსებულებს კი, ჩაუტარდა რეაბილიტაცია და განახლდა ინფრასტრუქტურულად.
კურორტს წელს ახალი სამაშველო შენობა აქვს. გუდაურის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში 70 მლ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კურორტი დღეს გასულ წლებთან შედარებით ბევრად მეტი დამსვენებლის მისაღებად ემზადება.
კურორტი დამსვენებლებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასაც სთავაზობს. წელს გუდაურს რამდენიმე ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა. მოწყობილია გარე ბაზრობაც, რაც მეწარმეებს ეხმარება გააცნონ საკუთარი პროდუქცია საზოგადოებას.
დღეს, ქვეყნის მასშტაბით ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გაიხსნა.
ავტორი: თამარ თათარაშილი