25 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ძუძუს კიბოს მკურნალობას თბილისის მერია 100%-ით დააფინანსებს

ძუძუს კიბოს მკურნალობას, თბილისის მერია 100%-ით დააფინანსებს. ახალი პროტოკოლის თანახმად, სრულად ფინანსდება პაციენტისთვის 18 გადასხმა და ოთხი ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენა. პროგრამა შეეხება როგორც ადრეული, ასევე მეტასტაზური სტადიების შემთხვევებს.

დღემდე, მერიის პროგრამით ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები 50-80%-ით ფინანსდებოდა. ძვირადღირებულ პრეპარატებს უფასოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეები იღებდნენ. დაფინანსების ახალი სისტემის მიხედვით, ბარიერი სრულად მოიხსნა და მკურნალობის კურსი ყველას 100%-ით დაუფინანსდება.

2024 წლის ბიუჯეტში, პროგრამისთვის საჭირო თანხაც გათვალისწინებულია და პროგრამისთვის 6 მლნ 160 ათასი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 2023 წელს ძუძუს კიბოს ახალი 1600 შემთხვევა გამოვლინდა. მხოლოდ თბილისში, 200-მდე ქალი გადის მკურნალობის კურსს. სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ სკრინინგის პროგრამით სარგებლობა ადრეულ ეტაპზე მოხდეს.

სკრინინგ პროგრამაში ჩართვა 40-დან 70 წლის ასაკამდე არის შესაძლებელი. მხოლოდ თბილისში, პროგრამის დაწყებიდან, 2016 წლიდან დღემდე, 800-მდე პაციენტმა გაიარა მედიკამენტოზური მკურნალობის კურსი. მათგან ადრეული სტადიის შემთხვევაში, 96% სრულად განიკურნა.

დღის ამბები