25 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
დაკავებულია ქალი, რომელმაც ქმარი სავარაუდოდ თოკით გაგუდა - რას ამბობენ "კურიერთან" მოკლულის და სავარაუდო დამნაშავის ახლობლები

ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლები, "კურიერს" უდასტურებენ, რომ წყვილს შორის კონფლიქტი საქართველოში ყოფნის დროსაც ხშირად ხდებოდა. საფრანგეთში მცირეწლოვან შვილებთან ერთად წასული ცოლ-ქმრის ჩხუბი, საბოლოოდ კაცის მკვლელობით დასრულდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ლანა ხუნწარიამ მეუღლე გვიან ღამით გაგუდა. მოკლული 32 წლის მარად სურმანიძეა.

ცოლ-ქმარს ხუთი შვილი ჰყავს, რომლებიც დანაშაულის დროს სახლში იმყოფებოდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი საფრანგეთში ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავიდა. წყვილი მცირეწლოვნებთან ერთად ქალაქ ტულონში ცხოვრობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მეზობლებს დახმარებისთვის ბავშვებმა მიმართეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებს 32 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა გამოძიება მას შემდეგ შეწყდა, რაც დაზარალებულმა საჩივარი უკან გაიტანა.

28 წლის ლანა ხუნწარია ქმრის მკვლელობის ბრალდებით ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ჯერ უცნობია აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ხუთი არასრულწლოვანი ქალაქ ტულონის სოციალურმა სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა.

დღის ამბები