პირველად "ცივი ომის" შემდეგ - გერმანია ლიეტუვაში სამხედრო კონტინგენტს განათავსებს. 5000 გერმანელი ჯარისკაცი რუსეთის საზღვართან განლაგდება. ისტორიულ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა, ვილნიუსი და ბერლინი სამხედრო თანამშრომლობისთვის მზად არიან.
შეთანხმების თანახმად, გერმანელი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისთვის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ლიეტუვამ უნდა უზრუნველყოს. ამისთვის, ქვეყანას დროც საკმარისი აქვს, რადგან ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში 2027 წლისთვის უნდა იყოს.
"ჩვენ მზად ვართ და ვიქნებით, დავიცვათ ნატოს ტერიტორია," - განაცხადა გერმანელმა ძალოვანმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ. თავად შეთანხმება კი "ისტორიულ მომენტად" შეაფასა და თქვა, რომ ორივე ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი პერსპექტივა იქნება.
ოფიციალური ვილნიუსის შეფასებით, ხელშეკრულება, რომელიც გერმანიის გრძელვადიან სამხედრო ვალდებულებას გულისხმობს, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ლიეტუვა კვლავ იმ პოზიციაზეა რომ, უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე, "რუსეთი ყველა ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა."
ნატოს, კონკრეტულად კი გერმანიის სამხედრო ძალების განლაგება ბალტიისპირეთში მნიშვნელოვნად აძლიერებს სამხედრო ალიანსის თავდაცვით პოზიციებს პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ. ეს ფაქტი უკვე შეფასდა, როგორც ევროპული სოლიდარობის სიმბოლო წევრ ქვეყნებს შორის, ისტორიულ კონტექსტით და ევროპაში ბევრს გაახსენა "ცივი ომის" პერიოდი, როდესაც გაერთიანებული ალიანსის ჯარები, საბჭოთა კავშირის თავდასხმის შემთხვევაში, ევროპის დასაცავად, დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე განთავსდა.
სიტუაცია ახლაც იდენტურია - ლიეტუვა რუსეთის სავარაუდო აგრესიის შემაკავებელი გახდება. ასევე ფიქრობენ, რომ ეს გეოპოლიტიკური ცვლილება ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზეც მოახდენს გავლენას.
შეთანხმება ბალტიისპირეთში გერმანია-ლიეტუვის სამხედრო თანამშრომლობასა და საბრძოლო ბრიგადის სრულ საბრძოლო მზადყოფნას ითვალისწინებს.
ავტორი: მარიამ იობიძე