ათობით განადგურებული ობიექტი და ლიკვიდირებული ტერორისტი ბოლო 24 საათში, მათ შორის - "ჰამასის" ფინანსისტი საბჰი ფარუანა. "ცაჰალი", სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ხან-იუნისისა და ჯაბალიას ტერიტორიებზეა ფოკუსირებული. ზონაში გადაისროლეს მძიმე ტექნიკა და, დამატებით, ცოცხალი ძალა.
სახმელეთო შეტევის გააქტიურების პარალელურად, ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის. წინაპირობა კი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა უნდა გახდეს.
"ჰამასი" მძევლების გათავისუფლებას არ ჩქარობს, მაგრამ მათ ახალ ვიდეომასალას აქვეყნებს.
გვიან ღამით, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ "ტელეგრამ არხზე" გამოქვეყნებულ კადრებში სამი ხანდაზმული მამაკაცი ჩანს. მათი თქმით, აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები და მკურნალობა სჭირდებათ. მძევლები ისრაელის მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
კიდევ ერთ ვალდებულებას ისრაელს შეერთებული შტატები ახსენებს, რაც სამოქალაქო პირების უსაფრთხოების დაცვასა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ლოიდ ოსტინმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს. ამერიკის თავდაცვის მდივანმა თქვა ისიც, რომ სახმელეთო ოპერაცია ისრაელის საქმეა და ამერიკა არ აპირებს მითითებების გაცემას პირობებთან ან ვადებთან დაკავშირებით. ვაშინგტონი მხოლოდ წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების აღკვეთას აპირებს, რომლებიც სატვირთო გემებს ატერორებენ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რეკორდულ მაჩვენებელზე საუბრობს. უწყების ინფორმაციით, რაფახზე ღამის საჰაერო იერიშს კიდევ 20 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ერთი ჟურნალისტია.