25 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ნატო - საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებს.

"ხავიერ კოლომინამ საქართველოს პრეზიდენტს პირადად მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე, ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

"საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მცოცავი ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება და რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ნატო - საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების საკითხებზე, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მომავალ წელს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველო უმაღლეს დონეზე იყოს წარმოდგენილი", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

დღის ამბები