პირველად საქართველოში, სრულყოფილი 5G, წარმატებით, თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში გაეშვა. ქართულმა მობილურმა ოპერატორმა "სელფი მობაილმა", რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის მილიონ-ნახევარ აბონენტს ემსახურება, ტელეკომუნიკაციების სფეროში მოწინავე ტექნოლოგიის დანერგვა დღეს გუდაურში, ოფიციალურ ცერემონიაზე აღნიშნა.
5G ქსელი, საპილოტე რეჟიმში, თბილისში, 21 ნოემბერს ჩაირთო და, ამ დრომდე, ის უკვე 5,000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა. დედაქალაქის ტერიტორიაზე, ტექნოლოგია ხელმისაწვდომია დიდუბესა და დიდ დიღომში.
"სელფი" 5G-ს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს დანადგარებით ნერგავს, რომელთანაც ხელშეკრულებაზე ხელი მიმდინარე წლის აგვისტოში მოაწერა. "სელფი" ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელის წარმატებით და სრულყოფილად დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსის გამოყენებაზე.