პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
"საერთაშორისო კომპეტენტური შემფასებლების მიერ, საქართველოს პროგრესი არის შეფასებული. საუბარი იყო, როგორც დემოკრატიის მმართველობის კუთხით ინდექსებში საქართველოს პროგრესზე, ასევე ეკონომიკური კუთხით საქართველოს პროგრესზე.
საქართველო წინა შეფასებებითაც ლიდერი იყო, მაგრამ კვლავაც ინარჩუნებს 12 მნიშვნელოვანი ინდიკატორიდან 11-ში პირველ ადგილს. ზოგადად, საქართველო სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით უსწრებს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საერთაშორისო რეიტინგებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, რომლის თქმითაც, აღნიშნული რეიტინგები სახელმწიფოსა და მთავრობის გამართულ ფუნქციონირებაზე მიუთითებს.
"ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ობიექტურ მონაცემებს, რომელსაც მოიპოვებენ რეიტინგის მწარმოებელი ორგანიზაციები, რაც დამოკიდებულია მთავრობისა და პარლამენტის გამართულ მუშაობაზე და ზოგადად, მთლიანად, სახელმწიფო სისტემის ეფექტიან მუშაობაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ვრცელ ანგარიშში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.