საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია აქციის ჩატარებამდე მუნიციპალიტეტის წინასწარ, 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება და ის გააუქმდა. სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 14 დეკემბერს დააკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი - მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება - არ შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ პუნქტს.
ამ პუნქტის მიხედვით, თავდაცვის ძალების ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში მყოფი პირების გარდა, ყველას აქვს უიარაღოდ შეკრების უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მუნიციპალიტეტის მინიმუმ 5 დღით ადრე გაფრთხილება. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება, ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.