25 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
 ისრაელ-"ჰამასის" ომი - ტყვეების დახსნის ოპერაცია ისრაელისთვის ტრაგიკულად დასრულდა 

ტყვეების დახსნის ოპერაცია ისრაელისთვის ტრაგიკულად დასრულდა - 3 მძევალი თავად "ცახალმა" იმსხვერპლა, რადგან ისინი, შემთხვევით, საფრთხედ მიიჩნია. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ მძევლებს ხელში თეთრი დროშა ეჭირათ, თუმცა ცეცხლი მაინც გაიხსნა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გამოძიება უმაღლეს დონეზე დაიწყეს.

ტრაგიკული შეცდომა ნეთანიაჰუზე ზეწოლას ზრდის. "ჰამასის" მიერ, 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების ოჯახები და რიგითი ისრაელელები სასწრაფო ზავს ითხოვენ. მოსახლეობა, გვიან ღამით, ქუჩებში გამოვიდა და მთავრობას ტყვეების ნებისმიერ ფასად დახსნა მოსთხოვა.

ომის დასრულებას ნეთანიაჰუს მხოლოდ მოსახლეობის ნაწილი არ სთხოვს, დიპლომატიურ სიბრტყეშიც ასეა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სიხისტით ისრაელი საერთაშორისო თანადგომის დაკარგვას რისკავს, რომელმაც, ომის დაწყების შემდეგ, ისედაც იკლო. უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანიც ამ გზავნილით სტუმრობდა ისრაელს. ის დაარწმუნეს, რომ ომის ამ ფაზაში, ისრაელი "ჰამასის" სამიზნეებზე უფრო ზუსტ შეტევებზე ფოკუსირდება.

ღაზაში ყოველი დღე დაკრძალვის დღეა. მსხვერპლი 19 000-ს აღწევს. ანკლავში 36-დან მხოლოდ 11 საავადმყოფო მუშაობს, სამედიცინო რესურსისა და ადგილების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ, აშშ-ის ზეწოლით, ქვეყნის პრემიერმა ჰუმანიტარული ტვირთებისთვის კერემ-შალომის სასაზღვრო პუნქტი გახსნა, ვითარება ღაზაში უცვლელად მძიმეა. ამ საკითხებზე ნეთანიაჰუ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლობასაც შეხვდა.

ისრაელის ჯარი ხან იუნისის სკოლებში რეიდს აგრძელებს, რადგან იქ ტერორისტები ეგულება. რამდენიმე ლიკვიდირებულია, ნაწილი ჩაბარდა. ისრაელზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს "ჰამასი". კატარში კი ამბობენ, რომ მალე ისრაელის მხარეს ოსლოში მორიგი ზავის დეტალებზე შეხვდება. ერთკვირიანი ტყვეთა გაცვლის შემდეგ, პროცესი უთანხმოების საფუძველზე შეჩერდა, რის გამოც 120-ზე მეტი ისრაელელი მძევალი "ჰამასის" ხელში რჩება.

დღის ამბები