25 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
სტატუსიდან სრულფასოვან წევრობამდე - "ქართული ოცნება" 9-პუნქტიანი დავალების შესრულებას იწყებს - დარჩება თუ არა ოპოზიცია პროცესს მიღმა

ევროკავშირში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად, მუშაობა დაწყებულია, სამოქმედო გეგმა - გაწერილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად მზად არიან.

მუშაობა უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის ერთმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა. ამბობენ, რომ ამით, იმ პასუხისმგებლობას იზიარებენ, რომელიც კანდიდატის სტატუსს თან ახლავს.

ერთიანი პოზიცია სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით ოპოზიციას არ აქვს. მათი ნაწილი ახლაც, როდესაც ქვეყანამ სტატუსი უკვე მიიღო, ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება 9 პრიორიტეტს არ შეასრულებს და უმრავლესობასთან ერთობლივი მუშაობას აზრი არ აქვს.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გუშინ საერთო-სახალხო ზეიმზე მივიდა, სტატუსის მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამბობენ, რომ, პირიქით, მისი ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებდა.

ძალისხმევას ხელისუფლება ხალხთან ერთად გააგრძელებს - აცხადებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის მუშაობა სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს და ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს - პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოში, ორი დღეა, საზეიმო განწყობაა. ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მომდევნო განაცხადი უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის უნდა გაკეთდეს.

დღის ამბები