25 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
საერთო-სახალხო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე - მოქალაქეები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ გააერთიანა

ქართველმა ხალხმა ევროპას კიდევ ერთხელ და ხმამაღლა უთხრა, რომ საქართველო მზად არის, ევროკავშირის გაღებულ კარში შევიდეს. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ყველა თაობა, ერთი ინტერესის ირგვლივ გაერთიანდა. მთავარი გზავნილი თბილისიდან ბრიუსელამდე ასეთია - საქართველო შინ, მის ისტორიულ ოჯახში ბრუნდება. ყველა თანხმდება, რომ, კანდიდატის სტატუსამდე, ქვეყანამ რთული და საინტერესო გზა გაიარა. ახლა კი, მთავარი მიზანი ევროკავშირის დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა.

ბრიუსელში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველომ საერთო-სახალხო ღონისძიებით აღნიშნა. თავისუფლების მოედანზე შეკრებულ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მიმართა და უთხრა, რომ ხელისუფლებამ და ხალხმა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა, 14 დეკემბერი კი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვებით შევა.

საერთო-სახალხო ღონისძიებას პრემიერი ოჯახთან ერთად დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი თავისუფლების მოედანზე შვილებთან და მეუღლესთან ერთად მივიდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მთავრობის მეთაური ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას გაესაუბრა და ბრიუსელის ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცა.

საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსი მიულოცეს და სცენიდან მიმართეს თბილისის მერმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პირველმა კანონმდებელმა. თქვეს, რომ ხელისუფლება, ხალხთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შენებას, მომავალშიც განაგრძობს.

ისტორიული გადაწყვეტილება ქართველ ხალს, ქართულ ენაზე მიულოცა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლებაზე შეკრებილ საზოგადოებას უთხრა, რომ დღეს ქართველი ხალხი საქართველოს თანამედროვე ისტორიას წერს.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სადღესასწაულო კონცერტი დაიწყო. ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი.

 

დღის ამბები