25 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
,, პირდაპირ ეთერშია სტრასბურგი“ - ეს სიტყვები 25 წლის წინ, "რუსთავი 2"-ის თბილისის სტუდიიდან ნათია ლაზაშვილმა გააჟღერა - 25 წლის შემდეგ კი "კურიერი" უკვე კანდიდატის სტატუსით, ეთერში ბრიუსელიდან გავიდა

 “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი” - ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი სიტყვები თითქოს ახალს არაფერს ამბობდა,- ახალი მასში განაცხადი იყო! ქვეყნის ამბიციის განაცხადი დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ. უკვე დღეს ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზა ევროსაბჭოს ეზოში საპატიო ადგილს იკავებს, საქართველო კი კვლავ საპატიო ადგილისკენ მიიწევს - წინ ევროპისკენ.

1999 წლის 27 იანვრს საქართველო ევროსაბჭოს 41-ე წევრად ერთხმად აირჩიეს და ის პირველი კავკასიური ქვეყანა გახდა ამ გაერთიანებაში. ეს საეტაპო თარიღი “რუსთავი 2-ისა” და მისი ერთგული მაყურებლისთვის კიდევ ერთი ნიშნით იყო დასამახსოვრებელი.

ეს იყო საქართველოს მაუწყებლობის ისტორიაში პირველი შემთხვევა,როდესაც თბილისში პირდაპირი ტრანსლაცია ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან განხორციელდა. პირდაპირ ეთერში ნათია ლაზაშვილი იჯდა, მას, მოგვიანებით უკვე მისი მეწყვილე, ნიკა ტაბატაძე სტრასბურგიდან ერთვებოდა. უკვე დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას არხის მთავარი სახე ბრიუსელიდან გვიყვება.

შემდეგ კი იყო გრძელი გზის დასაწყისი: წლიდან წლამდე საქართველო და ევროპა კიდევ უფრო მეტად ახლოვდებოდა. საეტაპო იყო ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის,რომელსაც ხელი 2014 წელს მოეწერა, ამას მალევე მოჰყვა ევროპულ გაერთიანებასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება, 2017 წელს ხელი ეწერება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას, იმ წელსვე ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელშიც ქვეყნის ევროპული მომავალი უკვე 78-ე მუხლით გაიწერა. 

2022 წელს უკრაინის ომი პროცესებს აჩქარებს, კიევისა და კიშინოვის მსგავსად საქართველო ბრიუსელში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გზავნის, უკვე ზაფხულში ქვეყანას ევროპული პერსპექტივა ენიჭება, 2023 წლის ნოემბერში კი ევროკომისია ევროპული საბჭოს მიმართ საქრთველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.  2023 წლის 15 დეკემბერს საბჭო მწვანეს შუქს ანთებს - ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად იღებს.

ამ ისტორიული მოვლენების ერთერთი მთავარი მემატიანე თამარ ნუცუბიძეა, “რუსთავი ორის” ევროპული ბიუროს კორესპონდენტი - ბოლო 15 წელი . ამ დროის მანძილზე არაერთი წარმატება და იმედგაცრუება ახსენდება, ყველა გარდამტეხ პროცესს შიგნიდან აკვირდებოდა და მაყურებელს წლების განმავლობაში უყვებოდა ამბებს ევროპიდან. უკვე დღეს, თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობების ახალ ეტაპს ემოციების გარეშე ვერ უყურებს.

საქართველო დღეიდან ოფიციალურადაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს სტატუსი მას აქამდე დახურულ კარს უღებს და ბევრ გამოწვევასაც ჰპირდება. ამ ყველაფრის მოყოლას კი ქვეყნის ევროპული მომავლის კვალდაკვალ ერთგულად გააგრძელებს “რუსთავი 2” , მისი ყველაზე ერთგული მაყურებლისთვის.

დღის ამბები