25 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
უკვე 24 საათია, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ზეიმობს - ბრიუსელის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, მთელი საქართველო დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრიბა

უკვე 24 საათია, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ზეიმობს. საქართველოს დროით საღამოს 10-ის ნახევარზე, ბრიუსელიდან თბილისში სასიხარულო ცნობა გაიგზავნა. საქართველომ მიიღო დამსახურებული სტატუსი. ქვეყნის მოსახლეობამ ამ წუთიდან, ისტორიული მოვლენის აღნიშვნა დაიწყო. საზოგადოება ქუჩაში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოვიდა, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა თბილისის ანძაც.

თბილისში დაწყებული ზეიმი რეგიონებში გაგრძელდა, აღნიშნავს ყველა, და ყველა ქალაქში გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, მათ შორის ისტორიულ ციხესიმააგრეებზე. საერთო სახალხო დღესასწაულისთვის დილიდან დაიძრა კოლონები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან. ევროპულ ოჯახში დაბრუნების ისტორიული დღის აღსანიშნავად, ყველა თბილისის ცენტრში შეიკრიბა.

ბრიუსელის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, მთელი საქართველო დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრიბა. უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთდროულად ემოციურიც იყო და ამაღელვებელიც.

საზეიმო განწყობა დღეს ყველაზე მეტად დედაქალაქის ქუჩებში იგრძნობოდა. მთავარი ატრიბუტი ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, შეკრების ადგილი კი რესპუბლიკის მოედანი იყო. დროშები, ფერადი კვამლი, შეძახილები და საყვირები- "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედნიდან აიღო სტარტი მსვლელობამ ’’ღირსებით ევროპისკენ’’- ყველაზე მასშტაბური, სახალხო და საზეიმო ღონისძიების ეპიცენტრისკენ.

ემოციური შეძახილებით დაიძრა სტუდენტური კოლონა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თავისუფლების მოედნისკენ. ევროპა ჩვენი არჩევანია- საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში, ამ ფრაზას ყველაზე ხშირად დღეს ახალგაზრდები ამბობდნენ. თაობა, რომელისთვისაც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ერთსულოვანმა გადაწყვეტილებამ, ახალი პესპექტივები და შესაძლებლობები გააჩინა,

დიდ სახალხო დღესასწაულს, შეუერთდნენ კანონმდებლებიც. უმრავლესობის ლიდერები, პარლამენტის შენობიდან, თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მივიდნენ.

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას შეუერთდა რეგიონებიც. კოლონები დილიდან დაიძრა სამეგრელოდან, იმერეთიდან, კახეთიდან და გურიიდან. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, გამოფენილია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის დროშა. საგანგებოდაა გაფორმებული ქუთაისიც.

საზეიმო ღონისძიებას უერთდება შიდა და ქვემო ქართლიც. დროშები გამოფინეს გორის ციხესა და ავტობანის გორის მონაკვეთზე არსებულ გვირაბთან.

კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ აჭარაშიც. კონცერტი გაიმართა ბათუმში, სადაც აჭარის მოსახლეობასთან ერთად,ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას ქალაქში მცხოვრები უკრაინელი, ბელორუსი და მოლდოველი მოქალაქეებიც აღნიშნავდნენ.

საზეიმო განწყობა და ემოციები თბილისის ქუჩებში ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთანავე იგრძნობოდა. მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მანქანებითა და საყვირებით გადაადგილდებოდნენ და ევროკავშირის გადაწყვეტილებას ერთმანეთს ასე ულოცავდნენ.

საზეიმოდ, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი.​

დღის ამბები