25 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი - მადლობა ქართველ ხალხს, თქვენთვის, თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად, ამაყად გავაგრძელებთ სანუკვარი მომავლის, ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველოს შენებას

იშვიათი და უდიდესი პატივია ამ ისტორიულ დღეს მოგმართოთ ქართველ ხალხს, გილოცავ, საქართველო, მდიდარო მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებით და ბრძენკაცებით, მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის, შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო, გილოცავ დღევანდელ დღეს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენს სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე.

„ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა, ვიცით რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალოდ გეოგრაფიაა და  არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა. ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა. ის, რაც განფენილია ქართველი კაცის ლექსში, სიმღერასა და ცეკვაში, სადღეგრძელოში, ადამიანის სიყვარულსა და მიმტევებლობაში. მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ, ვიარეთ რწმენით და ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველის და ილიას მშობელი ერის, აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში. მადლობა ყველას, ვინც იღვაწა და თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ საერთო სიხარულში. მადლობა ჩვენს დიდ წინაპრებს, რომელთა შორის ერთ-ერთმა უდიდესმა, ჯერ კიდევ ქართული ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ანდერძად დაგვიტოვა: „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენსათა“ და მერე ეს სიტყვები ხელიდან ხელში, ბრძოლიდან ბრძოლაში, ჯამიდან ჯამში გადადიოდა საბოლოო გამარჯვების იმედით. მადლობა ყველას ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოს დახმარების ხელი გამოუწოდა, ჩვენი შრომა და თავდადება დააფასა, გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ვინც ერთგულება დაგვიდასტურა. მადლობა თქვენ, ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, ვინც კარგად იცით გამარჯვების ფასი. სწორედ თქვენთვის და თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად და ამაყად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სანუკვარი მომავლის, ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველოს შენებას. დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები