25 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ევროპა ოპტიმიზმს არ კარგავს და ბოლო 48 საათს იმისთვის იყენებს, რომ ორბანის უარმა გაფართოების საკითხს არ ავნოს

ევროპა ოპტიმიზმს არ კარგავს და ბოლო 48 საათს სწორედ იმისთვის იყენებს, რომ უნგრულმა უარმა გაფართოების პათოსს არაფერი ავნოს. ორბანის გადარწმუნება რთული მისიაა, თუმცა არა შეუძლებელი. თავად ბუდაპეშტი ფიქრობს,რომ მავნე სულ სხვა რამაა - კერძოდ მოუმზადებელ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება. დღეს ორბანი ყველა პლატფორმაზე იმის მტკიცებაში იყო, რომ უნგრეთი ევროკავშირის საშინელი შეცდომისგან დახსნას ცდილობს.

ეთნიკური უნგრელების საკითხი, რომელზეც ორბანმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა - არახალია. ქვეყნის პრემიერი თვლის, რომ უკრაინაში მცხოვრები უნგრული თემის უფლებრივი მდგომარეობა გაუარესებულია და ამას ახლა საკუთარი პოზიციონირებისთვისაც დამატებით არგუმენტად იყენებს. თავად უკრაინის უნგრულმა თემმა ბრიუსელსა და ბუდაპეშტს თხოვნით მიმართა -მწვანე შუქი აუნთონ უკრაინას. ამაზე დღეს ორბანმა კარპატებში საპასუხო წერილიც კი გაგზავნა,სადაც წერს, რომ ყველაფერს აკეთებს თემის უფლებების დასაცავად.

კიევი ხაზს უსვამს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისე შეცვალა, როგორც ამას ბუდაპეშტი მოითხოვდა. ამასთან, ზელენსკის თქმით, ორბანს მისთვის ერთი წონადი არგუმენტიც კი არ წარმოუდგენია. ფაქტია, რომ სულ ახლახან, არგენტინაში ზელენსკისა და ორბანს შორის გაცვლილმა სიტყვებმა გარდატეხა ვერ მოახერხა, ვერც კულებამ და სიიარტომ შეძლეს რამე გუშინ. კიევი რეალობას სრულად აღიქვამს, სამიტს კი მაინც ოპტიმიზმით ელის.

ის, რომ ომში მყოფი უკრაინა შესაძლოა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არ იყოს, ევროპელების ნაწილისთვის უცხო აზრი არ არის. ვენაც იმ აზრზეა,რომ დაჩქარებული პროცედურები უკრაინისთვის, ბოსნია-ჰერცოგოვინას რიგში ყოფნის პირობებში - არასწორია და რომ მათი მხარდაჭერა ამ აზრს არ ექნება. ამ შინაარს სლოვაკეთიც იზიარებს, თუმცა პროცესებისთვის ხელის შეშლას არ აპირებს.

უკრაინის მიმართ სკეპტიკოსი და მომხრე ქვეყნების საბოლოო პოზიციებს, ყველაზე ზუსტად 14-15 დეკემბერი შეაჯამებს. მანამდე კი ჩანს, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნის მომხრეები ევროპულ საბჭოშიც უფრო ჭარბობენ.

გამოცემა "ევროაქტივი" უკვე წერს, რომ ორბანის ვეტოს დაძლევის მიზნით, ევროპელები უკვე განიხილავენ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს განბლოკვასაც, რომელიც თავის დროზე ქვეყანას - დემოკრატიასთან დაკავშირებული დისბალანსის გამო გაუყინეს.

დღის ამბები