25 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს - უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სასურველი შედეგები ვერც უნგრეთისა და უკრაინის პირველი დიპლომატების არაფორმალურმა შეხვედრამ მოიტანა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად შედგა.

დმიტრო კულება ოპტიმიზმს ინარჩუნებს, ფიქრობს, რომ ბუდაპეშტი, საბოლოოდ კიევისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ევროკომისიამ არასწორად შეაფასა უკრაინის მზადყოფნა და ამ დროისთვის კიევი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება ავსტრიაც. კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ არსებულ პირობებში, ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება.

სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა გრძელდება. ევროკავშირში თვლიან, რომ ორბანის ვეტო გაუმართლებელია. ბრიუსელში დღეს უნგრეთს გადაწყვეტილების გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და ბუდაპეშტს ევროპულ გაერთიანებაში მოხვედრის ისტორიაც შეახსნეს.

ხვალ ვიქტორ ორბანი თავის პოზიციას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს გააცნობს. პარალელურად, გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" წერს, რომ შესაძლოა ევროკომისიამ უნგრეთს 10 მილიარდი ევრო გამოუყოს, რომელიც ადრე ბრიუსელმა ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემების გამო გაყინა.

დღის ამბები