25 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ძალიან მძიმე განცხადება იყო, მაგრამ ამას აღსარებას ვერ დავარქმევ, რადგან არ ახლავს სინანული - მიხეილ სარჯველაძე გრიგორიადისზე

ძალიან მძიმე განცხადება იყო, მაგრამ ამას ვერ დავარქმევ აღსარებას, რადგან არ ახლავს სინანული, - ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ლაზარე გრიგორიადისის განცხადება "მოლოტოვის კოქტეილის" სროლასთან დაკავშირებით.

სარჯველაძის განცხადებით, თუ დანაშაულის ჩამდენთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა, გრიგორიადისის განცხადების შემდეგ, ეს კითხვის ნიშნები გაქრა და ახლა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა იმ პირის მხარეს დადგომა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.

"ძალიან მძიმე განცხადება იყო, მაგრამ ამას ვერ დავარქმევ აღსარებას, რადგან არ ახლავს ამას სინანული. პირდაპირ თქვა თვითონ, რომ ის არ აღიარებს. თუმცა, ყველაფერი გაამარტივა იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი ამ დრომდე, ვინმე ხელზე იხვევდა იმ თემას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, რამდენად იყო ეს პიროვნება ის ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და კითხვის ნიშნებს ბადებდა, ახლა ნიშანი აღარ დარჩა. მომეჩვენა, რომ ცოტა ცინიკურადაც გამოიყურებოდა ეს განცხადება. არ შეიძლება ვინმე ამართლებდეს საქართველოში ბარბაროსობასა და ვანდალიზმს. თვითონ აღიარებს ამ დანაშაულს, ახლა არჩევანი გასაკეთებელი, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. უღირს კი იმ არჩევანის მხარეს დადგომა პრეზიდენტს, რომელიც გულისხმობს ადამიანებისთვის სიცოცხლის საფრთხის შექმნას, "მოლოტოვის კოქტეილის" ადამიანებისთვის სროლით", - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები