ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია, - დაწერა სოციალურ ქსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ ევროკომისიას, პრაქტიკულად, არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით უკრაინის ამბიციაზე. კოლეგას ვუთხარი, რომ ეს ჩვენთვის არა ტაქტიკური საკითხი, არამედ გადაწყვეტილებაა, რომელიც მთლიანად ევროკავშირისთვისაა ისტორიული მნიშვნელობის. ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია და ევროკომისიას, პრაქტიკულად, არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. საკმარისია, გავიხსენოთ გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც გამოწვეული იყო ევროკომისიის წინა გადაწყვეტილებით მარცვლეულის ტრანზიტის ან უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის ნებართვების გაუქმებით. ევროკომისიას არ ჩაუტარებია მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ორმხრივად მომგებიან საფუძველზე გამართვას“, - აღნიშნავს სიიარტო.