მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის მხრიდან, იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გასული წლის შეცდომის გამოსწორება, როდესაც საქართველოს, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.
პოზიტიური მოლოდინები აქვთ ოპოზიციაშიც, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არა ხელისუფლების დამსახურებების, არამედ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მოგვანიჭებს.
კანდიდატის სტატუსის შემდეგ, ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ხელისუფლებამ სწრაფად უნდა დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა - ანუ შეასრულოს ის დათქმები, რომლებიც პარტნიორებმა ქვეყანას განუსაზღვრეს.
რეკომენდაციების არასრულფასოვნად შესრულებაში მმართველი პარტია ოპოზიციის ბრალეულობაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ, ოპონენტების საბოტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ევროპულ ოჯახში ინტეგრირებას.
ევროკომისიამ, 8 ნოემბერს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. 15 დეკემბერს კი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.