25 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ იციკ მოშეს მკვლელობის ორგანიზატორები კვიპროსში - ვის ასახელებენ სპეცსამსახურები დაგეგმილი ტერაქტების დამკვეთად

ბიზნესმენმა იციკ მოშემ მედიით შეიტყო, რომ კვიპროსში დაკავებულ ირანული წარმოშობის ორ მამაკაცს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მისი მკვლელობის დაგეგმვასთან. ისრაელისა და კვიპროსის სადაზვერვო სამსახურების ერთობლივი მუშაობით გამოვლენილია ჯგუფი, რომელიც ხმელთაშუაზღვის კუნძულზე ებრაელ მოქალაქეებზე თავდასხმებს გეგმავდა. ადგილობრივი მედია, უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ კვიპროსში დაგეგმილი დანაშაულის უკან იგივე პირი დგას, ვინც 2022 წელს თბილისში იციკ მოშეს მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი. ებადი არაბლუ ირანის რევოლუციური გვარდიის ქოლგის ქვეშ მოქმედი ორგანიზაცია "ყუდსის ძალების" წარმომადგენელია.

კვიპროსშიც, ისევე, როგორც თბილისში, სავარაუდო ტერაქტის სამიზნე ებრაელი ბიზნესმენი იყო. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარ აცნობეს და ქვეყნის დატოვება მოასწრო. დანაშაულის მომზადების ბრალდებით კი ირანის ორი მოქალაქე დააპატიმრეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულებს ებადი არაბლუსთან აკავშირებს.

იციკ მოშეზე ტერორისტული თავდასხმა ქართველმა სამართალდამცველებმა 2022 წლის ნოემბერში აღკვეთეს. დაკავებულია სავარაუდო კილერი - პაკისტანის მოქალაქე ამირ ხანი. მისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებით კი პასუხისგებაში მისცეს ირანისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი. მათ დანაშაული აღიარეს და პატიმრობაც შეეფარდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის აღკვეთა მოხერხდა. მსგავსი დანაშაულისთვის, კვიპროსში, რამდენიმე პირი ივლისშიც დააკავეს. ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმები იგეგმებოდა თურქეთსა და საბერძნეთშიც.

დღის ამბები