25 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ორბანი-ზელენსკის შეხვედრა - არსებობს თუ არა მცირე შანსი მაინც, რომ ბუდაპეშტმა გადაწყვეტილება კიევის სასარგებლოდ შეცვალოს 

ზელენკისა და ორბანს შორის დაძაბული დიალოგი, არგენტინის პარლამენტში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. 20-წამიანი კადრი, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, არგენტინის სენატის Youtube-არხის პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით გადაიცემოდა. საერთაშორისო პრესა ვარაუდობს, რომ ვიდეოში ზელენსკი უნგრეთის პრემიერის დარწმუნებას ცდილობს, არ დაბლოკოს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ეჭვები დღეს ზელენსკის ვიდეომიმართვამაც გაფანტა, სადაც უკრაინის პირველმა პირმა დაადასტურა, რომ ორბანს უკრაინის ევროპულ მომავალზე გულწრფელად ესაუბრა.

შეძლო თუ არა ზელენსკიმ ორბანის დარწმუნება, უცნობია, თუმცა უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი აცხადებს, რომ საკითხზე მხარეებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები გრძელდება. ზოლტან კოვაჩმა ბრიუსელში მინისტერიალზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაც გაახმოვანა. ბუდაპეშტი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ კიევი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად მზად არაა.

უთანხმოების მიუხედავად, უკრაინა ცდილობს, ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბუდაპეშტთან მეტი კომუნიკაცია დაამყაროს. დმიტრო კულება გეგმავს, უნგრელ კოლეგას შეხვდეს და უკრაინის მიერ მიღწეული შედეგები პირადად გააცნოს. უკრაინის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უარმა, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები მოუტანოს როგორც კიევს, ისე - ევროპას.

ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პარიზში, ვიქტორ ორბანს უმასპინძლა. ევროკავშირში იმედს გამოთქვამენ, რომ ორბანის გადაწყვეტილება ევროპულ ერთიანობას რისკის წინაშე არ დააყენებს.

სამიტამდე, ევროპელ ლიდერებთან ონლაინრეჟიმში მართავს მოლაპარაკებებს შარლ მიშელიც.

ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 14-15 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები