25 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
სახლის შესაძენად იპოთეკის სუბსიდირების პროგრამა ფართოვდება - ვის შეეძლება ახალი წლიდან პროექტში ჩართვა

თუ ბინის შეძენაზე ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობთ, იპოთეკური სესხის ნაწილს სახელმწიფო დაგიფარავთ. პროგრამა დღეს გარკვეული ჯგუფებისთვის მოქმედებს, თუმცა ახალი წლიდან ის გაფართოვდება.

როგორ შეიძლება შეიცვალოს სუბსიდირების პროგრამა - დანამდვილებით ვიცით ის, რომ სუბსიდირების პროგრამა გაფართოვდება და ის ხელმისაწვდომი უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება. თუმცა კონკრეტულად რომელ ჯგუფს შეეხება და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომელსაც სურს ბინის შეძენა სახელმწიფოს დახმარებით, ეს ჯერჯერობით უცნობია და იანვარში გახდება ცნობილი. რაც შეეხება დღეს მოქმედ პროგრამას, სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა 3 წელია არსებობს და მისი დახმარებით 5 000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო ბინის ან კერძო სახლის შეძენა და აშენება. უმრავლესობა მრავალშვილიანია, თუმცა სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 6 პროცენტს 5 წლით იმ ადამიანებსაც უფინანსებს, ვისაც ერთ წლამდე შვილი ჰყავს. სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 ლარია და მისი აღება ნებისმიერ ბანკში, როგორც მარტოხელა მშობელს, ისე ქვრივებსაც შეუძლიათ.

2021-2022 წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4285 სესხი გაიცა, 2023 წელს კი 836. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გადარიცხულმა თანხამ 44 549 862 ლარი შეადგინა.

იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება- პროგრამის მიზნები გაწერილია, სახელმწიფო მის მხარდაჭერას მომავალშიც აპირებს, იგეგმება ცვლილებებიც, რომელზე მუშაობაც დაწყებულია.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები