ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობიდან" წავიდა - 11 წლიანი პოლიტიკური თანაცხოვრება დასრულებულია. მელია ახალ პარტიას ქმნის და მოკავშირეებს ეძებს.
მელიამ ბევრიც გაიყოლა. მოქმედ მენეჯმენტს რეგიონების შემდეგ თბილისშიც აუჯანყდნენ და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება კიდევ ასობით ადამიანმა მიიღო. ხაბეიშვილს გაქცეულები, სავარაუდოდ, მელიას პლატფორმაზე აღმოჩნდებიან, თუმცა ჯერ ყველა კონსულტაციას ელის.
"ნაციონალური მოძრაობა" ისევ გაიყო. პარტია კრიზისით დაწყებულ წელს უფრო დიდი კრიზისით ასრულებს, თუმცა ყოფილ სახელისუფლებო გუნდში რყევები არავის უკვირს. 2023 წლამდე იყო 2017. 12 იანვარი და 19 დეპუტატი, რომლებიც წავიდნენ და პარტიის კარიც გაიხურეს. მაგრამ ახალი პარტიის "ევროპული საქართველოს" კარი გახსნეს. "ნაციონალური მოძრაობის" ნგრევა, მისსავე დამფუძნებელს დაბრალდა. მაშინ გიგი უგულავას კრიტიკის ობიექტი სწორედ მიხეილ სააკაშვილი გახდა, რომელსაც ეპითეტიც მოუფიქრა და ყოფილი პრეზიდენტი ჯართში მოსასროლ მანქანას შეადარა.
დიდ წასვლამდე წითელი ხაზი პარტიას სხვებმაც გადაუსვეს. მაგალითად, გიორგი ვაშაძემ. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან წერილი მოიწერა და ერთ დროს მის პარტნიორს მოშიებული უწოდა.
რამდენიმე წელში პატარას დიდიც მიჰყვა, თანაც უფრო დიდი თანამდებობით. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე პარტიას სოციალური ქსელიდან დაემშვიდობა და დარჩენილებს, პარტიაში ოდიოზური ფიგურების გავლენებზე მიანიშნა.
მელია "ნაციონალური მოძრაობის" წარსულია - პარტიის, რომელსაც 11 წლიანი პოლიტიკური გზა დაუკავშირა. გზები რომ გაიყოფოდა, ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ეს განწყობა კი 10 თვის განმავლობაში, მელიას მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შექმნა. ციხის შიგნიდან გატეხვა "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმამაღლა და ღიად კეზერაშვილი-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ალაპარაკდა. ბევრი თქვა, ბევრიც უპასუხეს, გარიცხეს, თუმცა ვერც გარიცხეს, ბევრმაც გაასწრო და ბოლოს მისი გზაც მაინც წასვლით დასრულდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ყველაფერი აირია. არეულობა და ნიკა მელია კი დიდი ხანია სინონიმებად პოლიტიკურმა ფაქტებმა აქცია. არქივი ბევრს ინახავს.
არეულობის მცდელობა ბევრი და ბევრჯერ იყო, თუმცა ნიკა მელია ის ერთადერთი მამაკაცია, რომელიც პარლამენტის ისტორიაში პირველად, ქალმა დეპუტატმა საქმის გასარჩევად სხდომათა დარბაზს გარეთ გაიწვია. აქ დასრულდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის ქუთაისური ისტორია. საპარლამენტო ცხოვრებამ ისევ თბილისში გადმოინაცვლა და პოლიტიკური პროცესები რუსთაველის 8 ნომერში და რვა ნომერთანაც გააქტიურდა.
2019 წელს გაკეთებული ეს მოწოდება, ნიკა მელიასთვის საბედისწერო გახდა. მელიას წინააღმდეგ მორიგი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შემდეგ იყო საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნა და ყველასგან მიტოვებული, თუმცა საკუთარი არჩევანით.
დაუმორჩილებელი პოლიტიკოსი, მორჩილი არც კანონის წინაშე აღმოჩნდა, რაც დაკავებამდე მივიდა. მელია საკუთარი ოფისიდან უვნებლად გამოიყვანეს, წინ კი პრემიერი გახარიას გადადგომა უძღოდა.
მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. გირაო კი ევროკავშირმა გადაიხადა. ამ დროის განმავლობაში, პოლიტიკოსი თავს უკანონო პატიმარს უწოდებდა და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოშიც დაიწყო. თუმცა, სარჩელი ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მელიას წინააღმდეგ არცერთი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
2020 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. შედეგით უკმაყოფილო ოპოზიციონერების წინაშე საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არ შესვლის საკითხიც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ გლდანში მეორე ტური ჩაინიშნა, ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა.
თუმცა, საბოლოოდ სხვები მაინც შევიდნენ. მელიას კი იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნეს.
სადეპუტატო იმუნიტეტისთვის ახლა ისევ იბრძოლებს 2024 წლის არჩევნებზე. აქვს ხელისუფლების დამარცხების იმედიც, მაგრამ იმის, რისიც მელიას სჯერა, სულ სხვანაირად ხედავს მმართველი გუნდი.
ავტორი: იზი ბურნაძე