კიდევ ერთი კრიმინალური საქმე - ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. სწორედ აქედან იწყება მუქარა, ძალადობა და თავდასხმა.
ყოფილი ცოლი გაქცევას ცდილობს. დასახმარებლად ორი ახალგაზრდა მიდის. მოძალადე კი მათ დიდი სიჩქარით ეჯახება. მამაკაცი ცდილობს მაკრატლის გამოყენებასაც, რის საშუალებასაც დასახმარებლად მისულები არ აძლევენ. მკვლელობის მცდელობა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.
დაკავებული მამაკაცის ადვოკატები დამნაშავის ექსტრადირებას ამერიკაში ითხოვენ, ვინაიდან ის ამერიკის მოქალაქეა.
28 წლის კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა. სცადა ანგარიშსწორება გამვლელებზეც, რომლებმაც მოძალადეს მსხვერპლი ქალის მოკვლის საშუალება არ მისცეს.
ქალის განწირული ყვირილი 21 წლის გიორგიმ ავტობუსიდან ჩასვლისას გაიგო. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც მოძალადის შეჩერება სცადა. მალევე ადგილზე კიდევ ერთი, 17 წლის ბიჭი მივიდა და მსხვერპლი ქალის დამშვიდებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს ამოიღო მოძალადე მამაკაცმა მიზანში სამივე პირი.
სანამ გიორგი მოტეხილი ხელით, მოძალადისთვის ცივი იარაღის წართმევას ცდილობდა, მიწაზე უგონოდ იწვა 17 წლის ბიჭი, რომელმაც ავტომობილის დაჯახებით, მძიმე დაზიანებები მიიღო. კლინიკიდან უკვე გამოწერეს, "კურიერი P.S" არასრულწლოვანთან სახლში მივიდა, თუმცა მძიმე სტრესის ფონზე მოზარდი მომხდარზე ვერ საუბრობს. ჯერ ვერც ჩვენების მიცემას ახერხებს.
გამოძიება ჯერ ისევ აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ქეისი ვილკინსონს დანაშაული დაგეგმილი ჰქონდა. მან სასამართლოში ბრალი უარყო. ადვოკატები დაკავებულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებენ და აპირებენ, მისი შტატებში ექსტრადირება მოითხოვონ.
ბრალდებულის ადვოკატებს ექსტრადირების მოთხოვნით ჯერ პროკურატურისთვის არ მიუმართავთ. ბრალის უარყოფის მიუხედავად კი, ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში უკვე დევს არაერთი მტკიცებულება. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზაც.
ქეისი ვილკინსონის საქმის განხილვა იანვარში ჩაინიშნა. შეცვლის თუ არა პოზიციას დაკავებული, სასამართლო სხდომაზე გაირკვევა. სამი პირის განზრახ მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.