25 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ვინც საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ხელი შეეშალოს, დაბალი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება ერთმანეთის ჯინაზე - შალვა პაპუაშვილი

მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ევროპული საბჭოს დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საბოლოო გადაწყვეტილებამდე, პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან დაკავშირებით, დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

მისივე თქმით, ევროკავშირში გადაწყვეტილებებს წევრი ქვეყნები ერთმანეთის ჯინაზე არ იღებენ.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოცემულობა: პირველი – ჩვენ გვაქვს კომისიის დასკვნა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი; მეორე – ჩვენ აქამდე ვისმენდით, რომ 27-ვე ქვეყანას აქვს პოლიტიკურად გაცხადებული, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი უდგას.

ამ საკითხს წინ აღარაფერი აღარ უდგას. ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის სხდომას, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რომელზე უკვე წელიწად-ნახევარია მუშაობს მთელი სახელმწიფო. ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით ამ სტატუსს, რადგან ვიყავით ლიდერები სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ, სამწუხაროდ, შარშან არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. წელს ყველა წინაპირობა არსებობს ამისთვის. ჩვენ მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას ხელი შეეშალოს, არ მგონია მე და მათ, ვინც ამაზე საუბრობენ, ვფიქრობ, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე. ევროკავშირში გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების მხრიდან არ მიიღება ერთმანეთის ჯინაზე. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შიდა დისკუსია, და ეს არ არის ახალი შიდა დისკუსია, რომელიც მიმდინარეობს, თუ აქ ვინმე ფიქრობს, რომ ერთი სახელმწიფო შეიძლება, იქცეოდეს უსამართლოდ, არ ვიცი, თუ ეს შიდა დისკუსიის ნაწილია, არ ნიშნავს, რომ სხვა უნდა მოიქცეს უსამართლოდ საქართველოს მიმართ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები