გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო პარალიზებულია გეოპოლიტიკური დაყოფით, მის სანდოობას ძირი გამოუთხარა რეზოლუციის მიღების უუნარობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, ყატარში, დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სერიოზული ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ გლობალური ინსტიტუტები უკეთ გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა ღაზის ომი.
"გაერო-ში ჩემი მანდატის განმავლობაში, არასდროს გვინახავს ასეთ მოკლე პერიოდში, ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი. სიტუაცია სწრაფად უარესდება კატასტროფისკენ. პოტენციურად შეუქცევადია შედეგები პალესტინელებისთვის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის. მე არ ვიტყვი უარს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობაზე," - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.