25 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
"სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ" - ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილება დღეს თბილისის ორგანიზაციის 300-მდე წარმომადგენელმა მიიღო

მასობრივი პროტესტი "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიიდან ნიკა მელიას წასვლის შემდეგ, გუნდს სხვა წევრებიც ტოვებენ, ჯერი დედაქალაქზეა. მოქმედ მენეჯმენტს დღეს ასობით წევრი აუჯანყდა და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად მიიღო. საუბარია დაახლოებით 300-მდე ადამიანზე, რომლებიც ამბობენ, რომ დღეს ენმ აღარ ემსახურება იმ პრინციპებსა და იდეალებს, რომლისთვისაც თავის დროზე შეიქმნა.

"მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს - რა არის თქვენთვის ეს პარტია? შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ," - აღნიშნა ბესიკ გაზდელიანმა.

ამასთან, დავით ლაგვილავას შეფასებით, პარტიის მენეჯმენტში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პირვანდელი სახისგან აღარაფერი დარჩა.

მორიგ გადაწყვეტილებას პარტიიდან გასვლის შესახებ გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრობის" მოქმედი მენეჯმენტის წევრები. მათი შეფასებით , მსგავსი სახის გადაწყვეტილებები სატელევიზიო შოუების დადგმას ემსახურება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის მთავარი ბრძოლის იარაღი და ამ მთავარი ფრონტიდან გასვლა პოლიტიკური დეზერტირობაა. "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ლიდერი რუსეთის ტყვეა და ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში. "ნაციონალური მოძრაობიდან" დიდი ხანია უკვე გავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც შიდა არჩევნებში დამარცხდნენ. დღეს რასაც ისინი აკეთებენ, სატელევიზიო შოუებით გადიან პარტიიდან, ეს არის პოლიტიკური დეზერტირობა," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა საკრებულოს წევრმა ანა გოგოლაძემ. თბილისამდე იყო რეგიონები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა პარტიასთან პოლიტიკური გაყრა ოფიციალურად გააფორმა. მიზეზი იდენტურია, უკვე ყოფილი წევრებისთვის მიუღებელი არაფორმალური მმართველობა და მოქმედი მენეჯმენტის მართვის პრინციპებია. ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანების ნაცვლად დაშალა და მასთან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავენ.

 

დღის ამბები