ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის ოსტატი საიუბილეო გამოფენისთვის ემზადება. ცნობილი შვეიცარიული საათების კომპანია "პატეკ ფილიპთან" თანამშრომლობით შექმნილი მაგიდის საათი, უნიკალური ხატი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, ასევე საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში არსებული ხატები და საეკლესიო ნივთები, რომლებიც დავით კაკაბაძემ შექმნა - ამ ყველაფრის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს, ხვალიდან სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" შეეძლება.
დავით კაკაბაძე, რომლის ნამუშევრები საქართველოს გარდა მსოფლიოში არსებულ მონასტრებში მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, პერსონალურ გამოფენას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის 90 წლის იუბილეს უძღვნის. ხელოვანმა მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო 25 წლის წინ შექმნა და დაარსების დღიდან მის ნამუშევრებზე როგორც ქვეყანაში ისე მის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებული მოთხოვნაა.