25 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
უნგრეთის პრემიერს სურს, ევროპის დედაქალაქები დაარწმუნოს, რომ უკრაინის დასაწინაურებლად ახლა საუკეთესო დრო არ არის - ვიქტორ ორბანი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საერთო ქოლგის ქვეშ, თუმცა განსხვავებული აზრებით : მაკრონი და ორბანი დიდი თარიღის წინ ხვდებიან. უნგრეთის პრემიერს სურს პარიზი, მასთან ერთად კი ევროპის სხვა დედაქალაქებიც დაარწმუნოს, რომ უკრაინის დასაწინაურებლად ახლა საუკეთესო დრო არ არის. ბუდაპეშტისთვის უფრო გონივრულად გამოიყურება კიევის მიმართ სტრატეგიული პარტნიორობის მსგავსი მიდგომის ამუშავება, ვიდრე მასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ელისეს სასახლეში შეხვედრამდე, ფრანგულ გამოცემა “Le Point-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ორბანმა განმარტა,თუ რატომ არ სურს უკრაინის ევროპულ კლუბში ხილვა.

შეხვედრამ, ვერც პარიზი გადაარწმუნა და ვერც ბუდაპეშტს შეუცვალა აზრები. მხარეები ერთმანეთს იგივე მოსაზრებებით დაშორდნენ, თუმცა კვლავ შეხვდებიან - წლის დასკვნით სამიტზე. 14-15 დეკემბერს ევროპელების მიმართ მოლოდინიც მეტი იქნება, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებს უკვე საბჭომ უნდა უპასუხოს. ამ უწყების ხელმძღვანელმა ორშაბათს ვიქტორ ორბანისგან უკვე მიიღო წერილი, სადაც უნგრეთის პრემიერი შარლ მიშელს სთავაზობდა - უკრაინის საკითხზე საკვანძო გადაწყვეტილების მიღების გადავადებას, მათ შორის, დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევისა და მოლაპარაკებების გახსნის ნაწილში. იგივე გზავნილით ორბანმა, გუშინ, ესპანელ კოლეგასაც დაურეკა.

სანჩესმა კიდევ ერთი ზარი კიევიდანაც მიიღო, ამჯერად სატელეფონო ხაზზე ვოლოდიმერ ზელენსკი იყო, რომელიც ესპანეთის მტავრობის მეთაურს იმის საპირისპიროში არწმუნებდა, რაშიც ორბანი. უკრაინა ცდილობს ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოს და საჭირო ნაბიჯების გადადგმის მზაობას ადასტურებს. თავის მხრივ ზელენსკი იმედოვნებს, რომ არც ევროპა გადაუხვევს თავის სიტყვას.

ოპტიმისტურია მიდგომები კიშინიოვშიც, თუმცა გარკვეული ვარაუდებით - ძირითადად თარიღებთან დაკავშირებით. ქვეყნის ხელმძღვანელობა არ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას,რომ შესაძლოა მათთან მოლაპარაკებების გახსნამ, დეკემბრიდან მარტამდე გადაიწიოს. ქვეყნის პრემიერთან ინტერვიუში, დაისვა შეკითხვა იმის თაობაზეც, შეძლებდა თუ არა მოლდოვა ევროპისგან მწვანე შუქის მიღებას, უკრაინის გარეშე - პასუხში რეჩანმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესში - კიშინოვი კიევის გვერდით უნდა იყოს.

დეკემბრის შეხვედრამდე, მხარეები პოზიციებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეაჯამებენ, ორშაბათს ევროპის პირველი დიპლომატები ბრიუსელში შეხვდებიან,სადაც დმიტრო კულებასაც ელოდებიან.

დღის ამბები