კალიფორნიის ცენტრალური საოლქო სასამართლოს ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ, პრეზიდენტ ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალი წარუდგინა. 56 გვერდიანი სასამართლოს მასალებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის და შედარებით მსუბუქი ბრალდებების 9 მუხლი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას და გადასახადების შესახებ ყალბი მონაცემების წარდგენას ეხება. საუბარია 1.400.000 დოლარზე. ბრალდებაში აღნიშნულია, რომ ჰანტერ ბაიდენს მდიდრული ცხოვრების სტილი ჰქონდა და დიდ ფულს ხარჯავდა ნარკოტიკებზე, ძვირფას მანქანებზე, მეგობარ გოგონებზე, ესკორტ მომსახურებასა და ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრებაზე. თუმცა გადასახადი არ გადაუხდია. ჰანტერ ბაიდენის ადვოკატი მოკლე განცხადებით შემოიფარგლა.
სექტემბერში, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ჰანტერ ბაიდენს ბრალი დელავერის შტატშიც წაუყენა. სისხლის სამართლის საქმე 3 მუხლისგან შედგება და ეხება 2018 წელს, იარაღის შეძენის დროს, ფედერალური უწყებებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ნარკოდამოკიდებული არ ყოფილა. გადასახადების დამალვის კიდევ ორ, მსუბუქ საქმეზე იუსტიციის დეპარტამენტი მუშაობდა და ჰანტერ ბაიდენმა ბრალი აღიარა, თუმცა ივლისში საპროცესო გარიგება ჩაიშალა.
რესპუბლიკელი კანონმდებლები გამუდმებით ადანაშაულებენ უმცროს ბაიდენს იმის გამო, რომ თავისი გვარი საზღვარგარეთ, მათ შორის უკრაინაში ფულის საშოვნელად გამოიყენა. კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელებმა, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემაზე გამოძიებას აგრძელებენ, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი, პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად, ამჯერადაც გამოიყენეს.
კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელები ცდილობენ მიაკვლიონ კავშირს, პრეზიდენტ ბაიდენის და მისი შვილის საქმიანობას შორის, თუმცა ჯერჯერობით რამე მტკიცებულება, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას დაადასტურებდა, არ მოუპოვებიათ.
ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.