25 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან წავიდა - ვისთან ერთად აპირებს მელია ახალი პარტიის შექმნას

პარტიის მოქმედ მენეჯმენტთან თითქმის ათთვიანი უთანხმოება, ყოფილი თავმჯდომარისთვის ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასვლით დასრულდა. ხანგრძლივი დუმილი ნიკა მელიამ გუშინ საღამოს დაარღვია და თქვა, რომ მიდის და თან თანამოაზრეებიც მიჰყავს. გეგმა უკვე არსებობს - დაანონსებულია ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომელიც ნიკა მელიას გუნდის თქმით, ჩრდილოვანი მმართველობისგან თავისუფალი იქნება.

ნიკა მელიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მოქმედი მენეჯმენტისთვის. ლევან ხაბეიშვილის გუნდში მიიჩნევენ, რომ ყოფილმა თავმჯდომარემ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიულ საქმიანობაზე უარი თავად თქვა. ახლა, პარტიაში დარჩენილებს აქვთ მოლოდინი, რომ შიდადაპირისპირება დასრულდება.

ნიკა მელიას ახალ პლატფორმას სავარაუდოდ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წასული რეგიონული ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. გიორგი კირთაძემ, რომელმაც პარტია პირველმა დატოვა, თანამშრომლობა ყოფილ თავმჯდომარესთან არ გამორიცხა და თქვა, რომ ჯერ დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

უკვე ცნობილია, ვის სურს ნიკა მელიას ახალ პოლიტიკურ ჯგუფში ყოფნა. ყოფილ თავმჯდომარესთან გაერთიანებას არ გამორიცხავენ მისი ყოფილი თანაგუნდელები და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები. თუმცა, კონსულტაციები ჯერ ნიკა მელიასთან არ შემდგარა.

სახელისუფლებო გუნდი მელიას პოლიტიკურ პერსპექტივებს არასერიოზულად აფასებს, ”ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე დიდი ელექტორატის მოზიდვას ვერ შეძლებს. პროცესები კი, რომელიც ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს, სახელისუფლებო გუნდის თქმით, ნაციონალური მოძრაობას დაშლამდე მიიყვანს

ნიკა მელიასთან ერთად ”ნაციონალური მჴძრაობა” ბოლო 5 დღის განმავლობაში100-ზე მეტმა წევრმა დატოვა. რეგიონული ორგანიზაციებიდან წასულებს შორის საკრებულოს 45 წევრია. ისინი მანდატების დატოვებას არ აპირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში თვითმმართველობებს კარგავს.

დღის ამბები