პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები პარლამენტში ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიცია პროექტს მხარს არ უჭერს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ ცვლილებით "ქართული ოცნება" უფრო იწესებს შეზღუდვას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას შეექმნება საფრთხე.
"თქვენ იყავით ოპოზიცია, რომელიც შიგნით თუ გარეთ ასაჩივრებდით და აპროტესტებდით კომპანიების მიერ შემოწირულების გაკეთების შესაძლებლობას, ამბობდით, რომ ეს აძლევდა უპირატესობას "ქართულ ოცნებას" და ახლა ისევ თქვენ ხართ ადამიანები, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, თითქოს გასუსტებთ თქვენ და თითქოს ეს მიმართულია ოპოზიციის დასასუსტებლად. რეალურად ამ ცვლილებით ხელისუფლება და "ქართული ოცნება" იწესებს თავის თავზე შეზღუდვას, ვიდრე თქვენ რაიმეთი გასუსტებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველი გუნდის წევის ალუდა ღუდუშაურის განცხადების ოპოზიციური პარტიების წევრები თავის ამომრჩეველს ვერ უხსნიან რატომ აქვს მათ დაბალი რეიტინგი და სურთ რომ საარჩევნო ბარიერი გადალახონ
"ოპოზიცია ყოველთვის წვალობს, მათ აქვთ ერთი ეგზისტენციალური პრობლემა, ვერასოდეს ვერ უხსნიან თავიანთ ამომრჩეველს რატომ აქვთ მათ დაბალი რეიტინგი და რატომ ვერ ამართლებენ მათ იმედებს. სინამდვილეში, ეს ყველაფერი დაფინანსების წესის ცვლილებასთან ან არ ცვლილებასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ მათ უნდათ, რომ ბარიერი გადავალახინოთ და მეტი არაფერი, ბუნებრივია ეს ვერ მოხდება", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.